2017 წლის 25 მარტს, საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში და გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილის აღსანიშნავად, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „არქიტექტურა- დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი“.

ღონისძიება განხორციელდა გერმანიის განვითარების სააგენტოსთან Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit  და მშენებელ ქალთა გაერთიანებასთან „ქალები აშენებენ კავკასიას“ თანამშრომლობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ეროვნული მუზეუმისა და არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით.

ღონისძიება მოიცავდა ორ მთავარ აქტივობას : შენობა-ნაგებობების არქიტექტურული ნიმუშების საარქივო ფოტო მასალების ექსპოზიციას, რომლის შექმნაც უკავშირდება გერმანული დასახლებების ჩამოყალიბებას საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და დიალოგ-ფორუმს სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიაში არსებული ისტორიული ინფრასტრუქტურების მდგრადი შენახვა და რეკონსტრუქცია - გერმანული დასახლებების მაგალითი“. მომხსენებლებმა გერმანიიდან, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ხაზი გაუსვეს ქართულ და აზერბაიჯანულ არქიტექტურაში გერმანელების მიერ დატოვებულ კვალს, მისი კონსერვაციის მნიშვნელობს, ასევე მის როლს ორივე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი მიესალმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვა იუნესკოს წამყვან როლს კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობით მსოფლიოში მშვიდობისა და ურთიერთგაგების დამყარებაში.