მ. წ. 14-16 დეკემბერს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიმდინარეობდა საერთაშორისო კონფერენცია „საერთო მემკვიდრეობა კულტურული დიალოგისა და განვითარებისთვის“, რომელიც მიეძღვნა საქართველოში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილეს.

მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანსა და საქართველოში- შვაბი გერმანელების დასახლების საიუბილეო თარიღი, UNESCO–ს გენერალური კონფერენციის 38-ე სესიის გადაწყვეტილებით, შევიდა იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში, რომლებიც აღინიშნება UNESCO–ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით, რაც თავის მხრივ ამ მოვლენას საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, ექსპერტებმა აზერბაიჯანიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებმაც იმსჯელეს კავკასიაში გერმანული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე  კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების კონტექსტში. კონფერენციის მონაწილეთა შორის იყო ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩი, აზერბაიჯანის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ელნურ სულთანოვი.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მომზადებული გამოფენა „საზღვრებს მიღმა - გერმანელები სამშობლოს ძიებაში ვურტემბერგსა და კავკასიას შორის", როლიც თბილისამდე გამოიფინა გერმანიის რამდენიმე ქალაქსა და აზერბაიჯანში.