2020 წელს, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის მთავრობათაშორისი კომიტეტის გადაწყვეტილებით,  IFCD ფონდიდან დაფინანსდა საქართველოს მიერ წარდგენილი პროექტი “Creative Twist – Boosting economic capacity of Creative and Cultural Industries through mapping, awareness-raising and Strategy elaboration”.

ეს არის საქართველოდან წარდგენილი პროექტის დაფინანსების პირველი შემთხვევა და მას განახორციელებს სსიპ შემოქმედებითი საქართველო. პროექტი “შემოქმედებითი გარდასახვა”, იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდში 480 განაცხადიდან, 9 საუკეთესოში მოხვდა და მოიპოვა დაფინანსება 88 269 აშშ დოლარის ოდენობით. 2021 წლის 17 თებერვალს, იუნესკოსა და შემოქმედებით საქართველოს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის კვლევასა და სტრატეგიის განვითარებას. პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს შემოქმედებითი ეკონომიკის სექტორის გაძლიერებას, მის პრიორიტეტულ დარგად აღიარებას და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესის მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბებას.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება შემოქმედებითი ინდუსტრიების ხუთწლიანი განვითარების სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა. სტრატეგია, ზოგადად სექტორის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავს შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას ახალგაზრდების, ქალთა და დაუცველი ჯგუფების გასაძლიერებლად და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩასაბმელად.

საქართველოში პირველად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდება შემოქმედებითი ინდუსტრიების საჭიროებათა და რესურსების მოკვლევა. პროექტი, სხვა კომპონენტებთან ერთად მოიცავს სექტორის ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის - შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების გამართვას.