2021 წლის 9 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე, ქ. პარიზში, მიმდინარეობს UNESCO-ს  გენერალური კონფერენციის 41-ე სესია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის  ხელმძღვანელობით.

10 ნოემბერს, ზოგადი პოლიტიკური დებატების (General Policy Debates) ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელების სიტყვით გამოსვლას, მინისტრის მოადგილემ მიმართა გენერალური კონფერენციის მონაწილეებს. გამოსვლისას  ხაზი გაესვა საქართველოსა და UNESCO-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და
ქვეყნის ძალისხმევას მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე. ამასთანავე, მან სრული მხარდაჭერა გამოხატა UNESCO-ში მიმდინარე რეფორმების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ეფექტურობისა და მოქნილობის გაზრდის კუთხით.

ხათუნა თოთლაძემ კვლავ გაამახვილა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემატიკაზე და დააფიქსირა ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობა პროცესებში, განსაკუთრებით კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში. 

მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს თბილისისა და ბათუმისთვის შემოქმედებითი ქალაქების სტატუსი მიენიჭებისა და მათი „შემოქმედი ქალაქების ქსელში“ (Creative Cities Network (UCCN)) გაერთიანებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 41-ე სესიამ, 2022-2023 წლებში ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნის ფარგლებში, დაამტკიცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლის იუბილეები. თარიღები აღინიშნება 2022 წელს, იუნესკოს თანამონაწილეობით.