გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ მიღების შემდეგ და გამანადგურებელი ძალადობის ესკალაციის ფონზე, UNESCO ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო და მუშაობს ორგანიზაციის კომპეტენციაში შემავალი სფეროებისთვის კონფლიქტის მიერ მიყენებული ზიანის შეფასებაზე, გადაუდებელი ზომების მიღების მიზნით.
განცხადების თანახმად, UNESCO-ს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე, სრულიად ეთანხმება გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე გენერალური მდივნის მიერ გამოსვლაში გაკეთებულ განცხადებას, რომ “ეს მზარდი ძალადობა, რომელიც იწვევს სამოქალაქო პირების, მათ შორის ბავშვების სიკვდილს - სრულიად მიუღებელია.”
ოდრე აზულე მოუწოდებს უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ, რომელიც არის ქვეყნის მდიდარი ისტორიის მოწმე და მოიცავს მსოფლიო მემკვიდრეობის შვიდ ძეგლს - ძირითადად განლაგებულს ლვოვსა და კიევში; ქალაქები ოდესა და ხარკოვი არიან UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი ქალაქები; ქვეყნის ეროვნული არქივიდან რამდენიმე დოკუმენტი შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში; უკრაინაში ასევე განლაგებულია ჰოლოკოსტის ტრაგედიის მემორიალები.“
თავისი მანდატის შესაბამისად, UNESCO მოითხოვს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და წუხილს გამოთქვამს სამოქალაქო პირების, მათ შორის სტუდენტების, პედაგოგების, არტისტების, მეცნიერების და ჟურნალისტების გარდაცვალების გამო.
განათლების სფეროში, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2021 წელს მიღებული 2601 რეზოლუციიის თანახმად, გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა „მოახდინონ სკოლებზე თავდასხმის პრევენცია და უზრუნველყონ სკოლებისა და სკოლებთან დაკავშირებული სამოქალაქო პირების, მათ შორის ბავშვების და მსაწავლებლების დაცვა როგორც კონფლიქტის დროს, ისე პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში“. გენერალური ასამბლეის 2 მარტის რეზოლუცია გამოთქვამს დიდ შეშფოთებას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებზე თავდასხმის გამო. UNESCO მკაცრად გმობს თავდასხმებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, რამაც გამოიწვია სულ ცოტა შვიდი საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის 2 მარტს, ხარკოვის კარაზინის უნივერსიტეტის დაზიანება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დაკეტვა შეეხო სკოლის ასაკის მთელ მოსახლეობას: 3-დან 17 წლამდე 6 მილიონ მოსწავლე, და უმაღლეს განათლებაში ჩართული 1.5 მილიონზე მეტ პირს. ძალადობის ესკალაცია ხელს უშლის განათლებას შეასრულოს თავისი როლი და მისი გავლენა შეიძლება იყოს მასშტაბური, მათ შორის მეზობელი ქვეყნებისთვისაც.
კულტურის სფეროში, UNESCO ხაზს უსვამს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, განსაკუთრებით კი შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენციითა და მისი ორი ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, რაც გულისხმობს თავის შეკავებას კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისგან, და გმობს უკრაინაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ნებისმიერი სახის ყელყოფას. UNESCO მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს 2347 რეზოლუციის შესრულებისკენ.
UNESCO ძლიერ შეშფოთებულია დაზიანებებით, რომლებიც მიადგა ხარკოვს, UNESCO-ს მუსიკის შემოქმედებით ქალაქს და ჩერნიგოვის ისტორიულ ცენტრს, რომელიც შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში. UNESCO ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინელი ხელოვანის მარია პრიმაჩენკოს ნამუშევრების დაზიანების გამო. 2009 წელს ხელოვანის იუბილე აღინიშნებოდა UNESCO-ს მხარდაჭერით.
UNESCO ასევე გმობს თავდასხმას, რომელმაც დააზიანა ბაბინ იარის ჰოლოკოსტის მემორიალი, მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების ერთ-ერთი მასობრივი დახვრეტის ადგილი და მოუწოდებს ისტორიული ადგილების პატივისცემისკენ, რომელთა ღირებულება განათლებისა და მეხსიერებისთვის შეუცვლელია.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კულტურულ მემკვიდრეობაზე თავდასხმების პრევენციის მიზნით, UNESCO უკრაინულ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მუშაობს უკრაინის მთელს ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების 1954 წლის ჰააგის კონვენციის ემბლემით მონიშვნაზე. ემბლემა არის საერთაშორისოდ აღიარებული სიგნალი შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის. დამატებით, UNESCO-მ შესთავაზა უკრაინის ხელისუფლებას, გამართონ შეხვედრების ქვეყნის მუზეუმებთან და დაეხმარონ მათ სამუზეუმო კოლექციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად გადაუდებელი ზომების მიღებაში.
ინფორმაციაზე წვდომისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, UNESCO ხაზს უსვამს გაეროს უშიშროების საბჭოს 2222 რეზოლუციით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც გულისხმობს მედიის წარმომადგენლებისა და მედიასთან დაკავშირებული პირების დაცვას.
UNESCO ღრმად არის შეშფოთებული მედიის ინფრასტრუქტურის დაზიანებით, მათ შორის 2022 წლის 1 მარტს, კიევის ძირითადი სატელევიზიო ანძის დაბომბვით, რასაც მოჰყვა მრავალი ადამიანის, მათ შორის მედიის ერთი წარმომადგენლის სიკვდილი. ორგანიზაცია ასევე გმობს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევებსა და ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის მცდელობებს.
UNESCO-ს განცხადებით, კონფლიქტის პირობებში, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა სამოქალაქო პირებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, რომელმაც შესაძლოა მათი სიცოცხლე იხსნას, ასევე მისცეს მათ შესაძლებლობა გაარჩიონ დეზინფორმაცია და ჭორები.
აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს წევრი ქვეყნების თხოვნით, UNESCO-ს აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სესია გაიმართება 15 მარტს „UNESCO-ს მანდატის ყველა სფეროზე უკრაინაში შექმნილი ვითარების გავლენის“ შესასწავლად.
განცხადების სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.unesco.org/en/articles/ukraine-unesco-statement-following-adoption-un-general-assembly-resolution?hub=701