21 ივნისს, გაიმართა ევროკავშირისა და UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში“ დასკვნითი კონფერენცია.
ღონისძიებაზე, პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის შედეგებზე და პროექტის განხორციელების შედეგად გამოკვეთილ საჭიროებებსა და აუცილებელ სექტორულ რეფორმებზე.
პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყო 2019 წელს, „ევროკავშირი/UNESCO-ს კულტურის მმართველობის ტექნიკური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, გულისხმობდა კვლევის ჩატარებას შემოქმედებითი სივრცეების ინიცირების, შექმნასა და ეფექტიან მართვაზე მიმართული წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების შესწავლაზე. ასევე, განისაზღვრა შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის ადგილობრივი კონტექსტის ძლიერი და სუსტი მხარეები, სამომავლო საფრთხეები და შესაძლებლობები.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ექსპერტებმა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ UNESCO-ს კულტურის სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის განხორციელებაში. მათ ისაუბრეს ევროკავშირი/UNESCO-ს კულტურის მმართველობის ტექნიკური დახმარების პროგრამასა და საქართველოში განხორციელებულ პროექტზე.
პროექტის განმახორციელებელია სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“.