qvevriიუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე (ქ. ბაქო 2-7 დეკემბერი) მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ კულტურისა და ძეგლათა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით. დელეგაციაში წარმოდგენილნი იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასოციაციის „ქართული ღვინო", კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ნომინაცია მომზადდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს იუნესკოს საქმეთა კომისიის სამდივნოსა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით.

მთავრობათაშორისმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარის საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.

„ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის" იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანამ დაადასტურა ამ მეთოდის უნიკალურობა, მსოფლიო მნიშვნელობა და განსაკუთრებული კულტურული და სოციალური ღირებულება.