ზოგადი ინფორმაცია

UNESCO (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) დაარსდა 1945 წლის 16 ნოემბერს. UNESCO-ს შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. პარიზში (საფრანგეთი), ასევე ორგანიზაციის თემატური ოფისები და წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამჟამად UNESCO -ს ჰყავს 195 წევრი და 9 ასოცირებული ქვეყანა (2013 წ.).

UNESCO-ს ძირითადი მიზანია მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრება ქვეყნებს შორის განათლების, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კულტურისა და კომუნიკაციის სფეროებში თანამშრომლობის გზით; ხელსაყრელი პირობების შექმნა ცივილიზაციათა, კულტურათა და ხალხთა შორის დიალოგისათვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ზოგადი ფასეულობების პატივისცემაზე, რისი მიღწევასაც ორგანიზაცია ცდილობს შემდეგით:

  • ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების, როგორც ფუნდამენტური უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც ადამიანის განვითარების აუცილებელი პირობაა;
  • მემკვიდრეობისა  და კულტურული მრავალფეროვნების დაცვის გზით, კულტურათაშორისი ურთიერთგაგების მიღწევა. UNESCO-მ შექმნა მსოფლიო მემკვიდრეობის ცნება რათა დაიცვას მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლები;
  • ერებსა და საზოგადოებებს შორის კავშირების გამყარების მიზნით, სამეცნიერო თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ცუნამის გამაფრთხილებელი სისტემების შექმნა და შეთანხმებები სასაზღვრო წყლების მართვის თაობაზე;
  • თვითგამოხატვის უფლების როგორც დემოკრატიის, განვითარებისა და ადამიანური ღირსების უმთავრესი პირობის დაცვა;

ორგანიზაციის ორი გლობალური პრიორიტეტია აფრიკა და გენდერული თანასწორობა.