2008 წლის 19 სექტემბერს  ქ. პარიზში  საქართველოს ელჩი საფრანგეთში და მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში მამუკა კუდავა შეხვდა იუნესკოს გენერალურ დირექტორს კოიშირო მაცურას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი) და აფხაზეთში განათლების,  კულტურული მემკვიდრეობის,   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით არსებული სავალალო ვითარებების გამო. საუბარში ბატონმა  ელჩმა სთხოვა გენერალურ დირექტორს ხმა აიმაღლოს ადამიანის ფუნდამენტური უფლების ხელყოფის ფაქტების მიმართ, დაგმოს  ცხინვალის რეგიონში სკოლებისა და სასწავლო დაწესებულებების დანგრევა-განადგურების, განსაკუთრებით რეგიონში არსებული იუნესკოს ასოცირებული - ავნევისა და ქურთასსკოლების დაწვის და დაზიანების ფაქტები.  Gგენერალურმა დირექტორმა აღშფოთება გამოხატა აღნიშნული ვითარების გამო და აღუთქვა ელჩს საკითხის სასწრაფოდ დასმის თაობაზე რუსეთის შესაბამის ორგანოებთან. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის სკოლებში რუსული სასწავლო პროგრამის დანერგვისა და მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების სწავლების აკრძალვის საკითხზე. Gგენერალური დირექტორი დაპირდა ელჩს , რომ აღნიშნულ საკითხს პრიორიტეტულობას მიანიჭებს და დაავალებს იუნესკოს შესაბამის სამსახურებს დეტალების შესწავლას და შესაძლო რეაგირებას. მამუკა კუდავამ ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ ოსეთის რეგიონში არსებული  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, უნიკალური ეკლესია-მონასტრების საგანგაშო მდგომარეობას და მოითხოვა იუნესკოს  გადაუდებელი მისიის განხორციელება აღნიშნული ძეგლების მდგომარეობის შეფასების და შესწავლის მიზნით. ამასთან ელჩმა მოითხოვა რომ იუნეკოს მისია განხორციელდეს საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით და მისი მონაწილეობით.  კოიშირო მაცუურა დაჰპირდა ელჩს რომ უახლოეს პერიოდში  განიხილავს რეგიონში იუნესკოს შეფასებითი   მისიის გაგზავნის საკითხს. . დასასრულს ელჩმა მოუწოდა UNESCO-ს ხელმძღვანელობას თავის კომპეტენციის ფარგლებში უფრო აქტიურად და ეფექტურად იმოქმედოს კონფლიქტურ ზონებში არსებული  პრობლემების აღმოფხვრის მიმართულებით.