6-დან 23 ოქტომბრამდე, ქ. პარიზში მიმდინარეობდა გაერთიანებული ერების განათლების მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალური კონფერენციის 35-სესია. 35-ე სესიაზე წარმოდგენილი იყო იუნესკოს 193 წევრი სახელმწიფოს 3000-ზე მეტი დელეგატი, რომელთა შორის იყვნენ 8 სახელმწიფოს მეთაური და 260 მინისტრი.
გენერალური კონფერენციის 35-ე სესიამ დაამტკიცა ორგანიზაციის 2010-2011 წლების ბიუჯეტი და შეიტანა ცვლილებები 2008-2013 წლების საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტში, არჩეულ იქნა ორგანიზაციის ახალი გენერალური დირექტორი. იუნესკოს ბიუჯეტი განისაზღვრა 653 მილიონი დოლარით, რომლიდანაც 118,5 მილიონი ორგანიზაციის პრიორიტეტულ სფეროზე, განათლებაზე იქნება მიმართული. განათლების პრიორიტეტებად განისაზღვრა წიგნიერება, მასწავლებელთა დახელოვნება და ტექნიკური და პროფესიული განათლება. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით გადაწყდა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ეთიკური პრინციპების შესახებ უნივერსალური დეკლარაციის პროექტის მომზადება. კულტურის სფეროს ბიუჯეტი 53 მილიონი დოლარით განისაზღვრა და პრიორიტეტულ მიმართულებებად მატერიალური და არამატერილური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მენეჯმენტი, კულტურული გამოხატულების მრავალფეროვნება, ენებისა და მულტილინგვალიზმის ხელშეწყობა და კულტურათა დიალოგის წარმოება დაისახა. ასევე, წევრ სახელმწიფოებს ეთხოვათ მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ 2010 წელს კულტურათა დაახლოების წელიწადის აღნიშვნაში. კომუნიკაციისა და ინფორმაციის სექტორის (ბიუჯეტი 33 მილიონი დოლარი) მთავარ პრიორიტეტად კი განისაზღვრა პრესის თავისუფლების დაცვა.
გენერალური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მინისტრთა ორი მრგვალი მაგიდა, ახალგაზრდობისა და პარტნიორთა ფორუმები, კულტურის, კომუნიკაციის, განათლების, ადმინისტარციული, საგარეო ურთიერთობების და სხვა კომისიათა სხდომები.