UNESCO-ს (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) გენერალური დირექტორის ქალბატონი ირინა ბოკოვას გადაწყვეტილებით, გამოჩენილ ქართველ პიანისტს ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, პირველად საქართველოს ისტორიაში, მიენიჭება წოდება „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ (UNESCO Artist for Peace).

„UNESCO-ს ხელოვანები მშვიდობისთვის“ არიან კულტურის დარგში მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებები, რომლებიც მზად არიან უსასყიდლოდ გამოიყენონ საკუთარი სახელი და სტატუსი ორგანიზაციის ღირებულებებისა და მთავარი მიზნების პოპულარიზაციისთვის. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში უკვე დიდი წვლილი შეიტანეს იუნესკოს კომპეტენციაში არსებული სფეროების განვითარებაში.

ქალბატონი ელისო ბოლქვაძისთვის ამ მაღალი სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა არა მარტო მისი  პროფესიონალიზმი, არამედ წლების განმავლობაში გაწეული აქტიური საქველმოქმედო მოღვაწეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერა ფონდ „ლირას“ მეშვეობით.

ქალბატონი ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა UNESCO-ს წარედგინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი მაია ფანჯიკიძის მიერ ა.წ. ივლისში.

ტიტულის  მინიჭება მოხდება ოფიციალურ ცერემონიაზე UNESCO-ს სათაო ოფისში, ქ.პარიზში.

დღეისათვის „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ სტატუსს ატარებს მსოფლიოს 54 ხელოვანი. მათ შორის ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები, როგორიცაა ხოაკინ კორტესი, სელინ დიონი, ვლადიმირ სპივაკოვი, დანილო პერესი, მარკუს მილერი და სხვა.

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელით, ვულოცავთ ქალბატონ ელისოს საპატიო წოდებას და ვუსურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში.