დებულება

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულება

 (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №66 დადგენილება )
 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) ძირითადი ამოცანებია UNESCO-ს  საქმიანობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა, UNESCO-ს  პრიორიტეტების შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, ეროვნულ დონეზე UNESCO-ს საქმიანობის პოპულარიზაცია, მისი მიზნებისა და ფასეულობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს  საერთაშორისო  ხელშეკრულებებითა  და  შეთანხმებებით,  სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე UNESCO-ს კონსტიტუციით,    UNESCO-ს ეროვნული კომისიებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის წინამდებარე დებულებით.

3. კომისიას აქვს საბანკო ანგარიში, სატიტულო ბლანკი, ლოგო და ბეჭედი წარწერით „საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია.

4. კომისიის მისამართია: ჩიტაძის ქ. 4, თბილისი 0118, საქართველო, საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები

კომისიის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) ორგანიზაციის პოპულარიზაციასა და მის საქმიანობაში ქვეყნის ჩართულობის გაზრდის მიზნით, UNESCO-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების თაობაზე, საქართველოს მთავრობისთვის, შესაბამისი სამინისტროებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, დაწესებულებებისა და ასოციაციებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ექსპერტებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათთვის კონსულტაციის გაწევა;

ბ) UNESCO-ს ძირითადი პროგრამების შესახებ საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის/ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;

გ) UNESCO-ს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების და UNESCO-ს ჯილდოების შესახებ შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

დ) UNESCO-ს აღმასრულებელ საბჭოზე და გენერალურ კონფერენციაზე განსახილველ ძირითად საკითხებთან მიმართებაში ქვეყნის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების მომზადება.

ე) UNESCO-ს მმართველი და დამხმარე ორგანოების არჩევნებში საქართველოს მხრიდან კანდიდატურების                წარდგენასთან     და     არჩევნებში     სხვა     ქვეყნების     კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) შესაბამისი      უწყებებისთვის    თუ    ორგანიზაციებისთვის    UNESCO-ს    მიერ    მიღებული დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა;

ზ) კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება, საინფორმაციო ვებ-გვერდის შექმნა და მართვა;

თ) UNESCO-ს კვლევებსა და გამოკითხვებში მონაწილეობა;

ი) UNESCO-ს სამდივნოსა და საქართველოს შესაბამის სამთავრობო უწყებებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია;

კ) ეროვნულ დონეზე ადგილობრივ პარტნიორებთან და UNESCO-ს ქსელის წევრებთან (UNESCO-ს ოფიციალური არასამთავრობო ორგანიზაციები, UNESCO-ს კლუბები, UNESCO-ს კათედრები, ასოცირებული სკოლები, კეთილი ნების ელჩები, ხელოვანები მშვიდობისთვის და სხვა) თანამშრომლობის უზრუნველყოფა და მათი UNESCO-სთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ლ) უცხო ქვეყნების ეროვნულ კომისიებთან თანამშრომლობის განვითარება, ერთობლივი პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება;

მ) UNESCO-ს სამდივნოსთან თანამშრომლობით, ორგანიზაციის პროგრამის შემუშავებაში, მის განხორციელებასა და შეფასებაში მონაწილეობა;

ნ) UNESCO-ს გენერალური კონფერენციის, აღმასრულებელი საბჭოსა და UNESCO-ს სხვა ორგანოებისა და კომიტეტების სხდომების მუშაობაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის კოორდინაცია, გენერალური დირექტორის რეგიონალურ კონსულტაციებში მონაწილეობა;

ო) UNESCO-ს პროგრამების ფარგლებში წარმოდგენილი ნომინაციების შერჩევა;

პ) UNESCO-ს „მონაწილეობის პროგრამის“ და სხვა პროგრამების ფარგლებში შემუშავებული პროექტების შერჩევა;

ჟ) UNESCO-ს „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის შესაძლებლობათა განვითარების მიზნით პროექტების შემუშავება და განხორციელება.

მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის ორგანიზაცია

1. კომისია შედგება 12 წევრისაგან: კომისიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და კომისიის სხვა წევრებისაგან.

2. კომისიის წევრები შესაძლოა იყვნენ UNESCO-ს კომპეტენციის სფეროების საქართველოს შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  დამოუკიდებელი ექსპერტები.

3. საქართველოს სამინისტროები წარმოდგენილნი უნდა იყვნენ მინისტრის მოადგილის დონეზე.

4. კომისიის წევრებს ნიშნავს კომისიის პრეზიდენტი. საქართველოს სამინისტროების  წარმომადგენლების  შემთხვევაში,  დანიშვნა  ხდება  შესაბამისი  უწყებების წარდგენის საფუძველზე.

5. კომისიის სატიტულო ბლანკს ხელს აწერს კომისიის პრეზიდენტი/ვიცე- პრეზიდენტი/გენერალური მდივანი.

6. კომისიის წევრები მუშაობენ ანაზღაურების გარეშე.

7. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის პრეზიდენტი კომისიის გენერალური მდივნის რეკომენდაციის საფუძველზე.

8. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

9. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ შეკრებას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება ხმის უმრავლესობით.

10. UNESCO-ს კომპეტენციაში შემავალი სფეროების კონკრეტული პრობლემატიკის გადაჭრის მიზნით, კომისია უფლებამოსილია შექმნას საექსპერტო ჯგუფი.

11. კომისიის ნებისმიერ წევრს შეუძლია კომისიის შემადგენლობიდან გასვლა, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს კომისიის პრეზიდენტს.

მუხლი 4. კომისიის პრეზიდენტი

1. კომისიის პრეზიდენტია საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ნიშნავს კომისიის წევრებს, საექსპერტო ჯგუფის წევრებს და სამდივნოს წევრებს, იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომას.

2. კომისიის პრეზიდენტი წარმოადგენს კომისიას UNESCO-სა და UNESCO-ს წევრი ქვეყნების  კომისიებთან, წევრი ქვეყნების შესაბამისი დაწესებულებებსა და  ორგანიზაციებთან.

3. ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას UNESCO-ს გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობის დროს.

4. კომისიის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

მუხლი 5. კომისიის ვიცე-პრეზიდენტი

კომისიის ვიცე-პრეზიდენტია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებს იუნესკოს საკითხებზე მომუშავე სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

მუხლი 6. კომისიის სამდივნო

1. კომისიის საქმიანობას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო.

2. კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს კომისიის გენერალური მდივანი, რომელიც არის საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საკითხებზე მომუშავე  სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

3. კომისიის სამდივნოს წევრები არიან კომისიის გენერალური მდივნის წარდგინებით კომისიის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუნესკოს საკითხებზე მომუშავე   სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლები.

4.  კომისიის სამდივნოს ფინანსური დოკუმენტაციის წარმოებაში დახმარებას უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირი.

5. კომისიის გენერალური მდივანი:

ა) წარმოადგენს კომისიის სამდივნოს UNESCO-სა და UNESCO-ს წევრი ეროვნული კომისიების სამდივნოებთან, წევრი ქვეყნების შესაბამის დაწესებულებებსა და  ორგანიზაციებთან;

ბ) უზრუნველყოფს ეფექტურ თანამშრომლობას UNESCO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან ინფორმაციისა და კოორდინაციის ურთიერთგაცვლის საფუძველზე;

გ)   UNESCO-ს პოპულარიზაციის მიზნით,   იღებს გადაწყვეტილებას ეროვნულ დონეზე ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის შესაბამისი ლოგოს მიწოდების თაობაზე;

დ) წარუდგენს რეკომენდაციას კომისიის პრეზიდენტს სხდომის მოწვევის თაობაზე;

ე) კომისიას წარუდგენს რეკომენდაციებს “მონაწილეობის პროგრამით“ გათვალისწინებული და/ან სხვა პროექტების შემუშავების, შეფასებისა და განხორციელების შესახებ;

ვ) კომისიას წარუდგენს ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ;

ზ) ხელს აწერს სატიტულო ბლანკს და ფინანსურ დოკუმენტაციას, აფორმებს ხელშეკრულებებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ UNESCO-ს მიერ დაფინანსებულ „მონაწილეობის პროგრამით“ გათვალისწინებულ კონკრეტულ პროექტებს ან, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა პროექტების შემსრულებლებთან.

მუხლი 7. კომისიის მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, გამოიყენება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.