UNESCO-ს გადაწყვეტილებით, 2006 წლიდან, ყოველ 27 ოქტომბერს, აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღე აღინიშნება.
დაუდევრობა, განზრახ დაზიანება თუ უბრალოდ ბუნებრივი ცვეთა, განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს მსოფლიოს არქივებში დაცულ ხმის ჩანაწერებს და მოძრავ გამოსახულებებს. სწორედ ამიტომ გაჩნდა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და ჩანაწერების შენარჩუნების მნიშვნელობის ხაზგასმის საჭიროება.
UNESCO-სა და აუდიოვიზუალური არქივების ასოციაციების საკოორდინაციო საბჭოს (CCAAA) მიერ 27 ოქტომბრის აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღედ დაწესებამ მიაპყრო საზოგადოების ყურადღება ამ ტიპის მემკვიდრეობის დაუცველობაზე.
აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღესთან ერთად, აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის შენახვა-შენარჩუნებისა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემის მიზნით UNESCO-მ 20 წლის წინ შექმნა პროგრამა "მსოფლიო მეხსიერება", რომლის ფარგლებშიც შექმნილი რეესტრი აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტურ მასალას, მათ შორის აუდიოვიზუალურ ჩანაწერებს.
აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღის 2014 წლის სლოგანია: არქივები საფრთხეშია: უნდა გაკეთდეს მეტი.