მისია, UNESCO-ს დამხმარე საექსპერტო ორგანოების ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის შესწავლის საერთაშორისო ცენტრი) წარმომადგენლების შემადგენლობით, განხორციელდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 38-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა გამართეს შეხვედრები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, სადაც მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ქართული მხარის მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, „მცხეთის ისტორიულ ძეგლებთან“ მიმართებაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ექსპერტები ასევე იმყოფებოდნენ მცხეთაში და ადგილზე შეაფასეს ძეგლების მდგომარეობა.
ვიზიტის ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართა მისიის წევრების სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სტუმრებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, მცხეთის ისტორიული ძეგლების განვითარებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა.
რეაქტიული მონიტორინგის შედეგად, ექსპერტების მიერ მომზადდება ოფიციალური ანგარიში, რომლის საფუძველზეც 2015 წლის ივნისში, ქ.ბონში (გერმანია) მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის დაგეგმილ 39-ე სხდომაზე, კიდევ ერთხელ იქნება განხილული მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტზე 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება, მცხეთის ისტორიული ქალაქის საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლის სტატუსის შესახებ.