დღეს, 22 იანვარს, ქ.პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში გაიმართება ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძისთვის „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“  ტიტულის  მინიჭების ოფიციალური ცერემონია.

ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართავენ  UNESCO-ს გენერალური დირექტორი ქ-ნი ირინა ბოკოვა, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში ქალბატონი ეკატერინე სირაძე-დელონე  და ქალბატონი ელისო ბოლქვაძე.

ცერემონიას დაესწრებიან UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები. მიწვეულები არიან ასევე საფრანგეთში აკრედიტებული ელჩები, UNESCO-ში მუდმივი წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრებიან ასევე პარიზში მცხოვრები ქართველი ხელოვანები და დიასპორის წარმომადგენლები.

ცერემონიის დასრულებისთანავე გაიმართება ოფიციალური მიღება საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სახელით.

„UNESCO-ს ხელოვანები მშვიდობისთვის“ არიან კულტურის დარგში მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებები, რომლებიც მზად არიან უსასყიდლოდ გამოიყენონ საკუთარი სახელი და სტატუსი ორგანიზაციის ღირებულებებისა და მთავარი მიზნების პოპულარიზაციისთვის. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში უკვე დიდი წვლილი შეიტანეს იუნესკოს კომპეტენციაში არსებული სფეროების განვითარებაში.

ქალბატონი ელისო ბოლქვაძისთვის ამ მაღალი სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა არა მარტო მისი  პროფესიონალიზმი, არამედ წლების განმავლობაში გაწეული აქტიური საქველმოქმედო მოღვაწეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერა ფონდ „ლირას“ მეშვეობით.

ქალბატონი ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა UNESCO-ს წარედგინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

ინფორმაცია UNESCO-ს ოფიციალურ ვებ.გვერდზე