30 აპრილს, მსოფლიოს 185 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

საქართველო წელს მესამედ აღნიშნავს ამ დღეს და თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღისთვის ჩამოსულმა  ამერიკელმა ჯაზ-შემსრულებელმა რონ კარტერმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობათა და მედიაკომუნიკაციების სამსახურის დირექტორმა თამარ კირვალიძემ და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა.

საღამოს, 20:00 სთ-ზე, რუსთაველის თეატრში, დაგეგმილია ლეგენდარული ჯაზ-შემსრულებლის, კონტრაბასისტის რონ კარტერის კონცერტი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება. ჯაზის საერთაშორისო დღე UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან აღინიშნება. ამ თარიღის მიზანია კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი  ჯაზის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას და იმის გაცნობიერებას, თუ როგორ გახდა ჯაზი ამა თუ იმ კულტურის ნაწილი.

 ჯაზის საერთაშორისო დღე 2015