მ.წ. 10 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა სასკოლო კონკურსის „გაიგე მეტი შენი კუთხის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" გამარჯვებულთა დაჯილდოება.

კონკურსი, მიზნად ისახავს UNESCO-ს 2003 წლის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის პოპულარიზაციას და წელს უკვე მესამედ ჩატარდა სახელწოდებით „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიციები“.

კონკურსში ჩართულმა მოსწავლეებმა, საკუთარ რეგიონში თუ სოფელში მოიძიეს, დააფიქსირეს და აღწერეს ბუნებასთან დაკავშირებული ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და წინაპრებიდან მოღწეული ბუნებრივი რესურსების გამოყენების უძველესი მეთოდები.

საქართველოს მასშტაბით სულ 200-ზე მეტმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. 200-ზე მეტ საუკეთესო ავტორსა და მათ ხელმძღვანელებს მიენიჭა „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის“ წოდება და გადაეცათ საჩუქრები და სიგელები.

კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით,საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების მხარდაჭერით განხორციელდა.

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ბატონმა ლევან ხარატიშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა, რომელმაც სიტყვით მიმართა კონკურსის გამარჯვებულებს.