ქ. ბონში (გერმანია), გაიხსნა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესია, რომელშიც დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბატონი მიხეილ გიორგაძის ხელმძღვანელობით.
დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბ-ნი ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ბ-ნი ნიკოლოზ ანთიძე.
კომიტეტის სესიაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იქნება მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ქართული ძეგლების - „ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი“ და „მცხეთის ისტორიული ძეგლები“ - კონსერვაციის მდგომარეობა.
სესიის ფარგლებში, ბონში გაიმართება ევროპისა და ჩრდ. ამერიკის რეგიონის პერიოდული ანგარიშგების მეორე ციკლის დასრულების საზეიმო ღონისძიება, რომლის მასპინძელი იქნება საქართველო. ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ევროპისა და ჩრდ. ამერიკის 50-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე წარმომადგენლისთვის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესია გასტანს 8 ივლისამდე.