მ.წ. 13 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მოწვევით, საქართველოში სამდღიანი ვიზიტით UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ბ-ნი ერიკ ფალტი ეწვია.
ბატონი ფალტი ქ. ბათუმში, საგანგებოდ UNESCO-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე დასასწრებად ჩამოვიდა. კონცერტი, რომელიც ცნობილი ქართველი პიანისტის და მშვიდობისთვის UNESCO-ს ხელოვანის ქ-ნი ელისო ბოლქვაძის ორგანიზებით მოეწყო, საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და ღონისძიებიდან მიღებული თანხა სირიიდან ლტოლვილი ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებებს მოხმარდება. კონცერტი UNESCO-ს ეგიდით ჩატარდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ერიკ ფალტსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც ასევე არის საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ხათუნა თოთლაძეს შორის, სადაც განხილულ იქნა საქართველო-UNESCO-ს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
საქართველოში ყოფნისას, ერიკ ფალტი შეხვდა ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეებს.