2015 წლის 26 დან 28 ოქტომბრის ჩათვლით პარიზში  გაიმართა UNESCO-ს მე-9  ახალგაზრდული ფორუმი სახელწოდებით ,,ახალგაზრდა მსოფლიო მოქალაქეები მდგრადი პლანეტისათვის”, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს წარმომადგენელმა.

UNESCO-ს ახალგაზრდული ფორუმი არის ბერკეტი იმისა, რომ ახალგაზრდების ხმა მუდამ რჩებოდეს იუნესკოს დღის წესრიგში. ფორუმზე მიღებული რეკომენდაციები კი, ეხმარებიან ორგანიზაციას მისი მთავარი მიმართულებებისა და მიდგომების ჩამოყალიბებაში. ამასთან, ახალგაზრდებს აქვთ შანსი იმოქმედონ თავიანთ ქვეყნებში სხვადასხვა მიმართულებით.

წლევანდელმა ფორუმმა თავი მოუყარა 500-ზე მეტ ახალგაზრდას მთელი მსოფლიოდან. ყურადღება გამახვილდა საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასა და 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მიზნებთან. ფორუმის დასასრულს, მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც განიხილება იუნესკოს გენერალური კონფერენციის 38-ე სესიაზე.