18 ნოემბერს, დასრულდა UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 38-ე სესია. გენერალური კონფერენცია UNESCO-ს ძირითადი მმართველი ორგანოა, რომელიც იკრიბება ორ წელიწადში ერთხელ.
38-ე სესიაზე, დამტკიცდა შემდეგი ორწლედის პროგრამა და ბიუჯეტი და ჩატარდა არჩევნები აღმასრულებელ საბჭოსა და UNESCO-ს სხვა დამხმარე ორგანოებში.
სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომლის ხელმძღვანელიც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქ-ნი ხათუნა თოთლაძე სიტყვით გამოვიდა ზოგად პოლიტიკურ დებატებში. დელეგაციის ხელმძღვანელის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იუნესკოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. ასევე ხაზი გაესვა „მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030“-ის მნიშვნელობას და დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საქართველოს იუნესკოსთან და ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე და კვლავ მიმართა UNESCO-ს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძეგლების მდგომარეობის შემფასებელი მისიის მივლინების თაობაზე.
სესიაზე ასევე დამტკიცდა იმ ღირსშესანიშნავ თარიღების სია, რომლებიც 2016-2017 წლებში აღინიშნება UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. ამ სიაში შეტანილია საქართველოს მიერ წარდგენილი საიუბილეო თარიღი „ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 200 წლის იუბილე“, რომელიც 2017 წელს აღინიშნება. 2017 წელს ასევე იუნესკოს მონაწილეობით აღინიშნება „სამხრეთ კავკასიის რეგიონში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილე“. აღნიშნული იუბილე წარმოადგენს საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ნომინაციას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით.
გენკონფერენციის მსვლელობისას, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა, რომლმაც დაამტკიცა განათლების მსოფლიო ფორუმის მიერ შემუშავებული, „განათლება 2030 წლისთვის“ სამოქმედო გეგმა. ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქ-ნი თამარ სანიკიძე. მან ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე „ეფექტური საგანმანათლებლო სტრატეგია ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისთვის“ (Effective Educational Strategies for Preventing Violent Extremism).