2016 წლის 13 ივლისს ქ. სტამბოლში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40-ე სესია გაიმართა. კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა საქართველოსათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის „მცხეთის ისტორიული ძეგლების“ „საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა“ სიიდან ამოღების თაობაზე.
2009 წელს, კომიტეტის გადაწყვეტილებით, ძეგლი შეტანილ იქნა „საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა“ სიაში და მას შემდეგ საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებდა ძეგლის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიიდან ამოღების მიმართულებით და ასრულებდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციებს.
საქართველოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები დადებითად შეფასდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის და მისი საკონსულტაციო ორგანოს ICOMOS-ის ექსპერტების მიერ. საბოლოო ჯამში კომიტეტის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „მცხეთის ისტორიული ძეგლებისათვის“ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით.
ეს წარმატება არის მცხეთასთან კონსერვაციის მდგომარეობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგი და კარგი მაგალითი საგარეო საქმეთა სამინისტროს, UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული და ეფექტური ქმედებებისა.
კომიტეტის 21 წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ საკითხს.