UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 39-ე სესიამ (2017 წლის 30 ოქტომბერი - 14 ნოემბერი) დაამტკიცა იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სია, რომლებიც 2018-2019 წლებში აღინიშნება ორგანიზაციის უშუალო მონაწილეობით.

სიაში შეტანილია საქართველოს მიერ  წარდგენილი საიუბილეო თარიღიც - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი“, რაც ნიშნავს იმას, რომ იუბილე 2018 წელს აღინიშნება გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მხარდაჭერით. აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს მოვლენის რეგიონალურ მნიშვნელობას, ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიტანა  კულტურის, განათლების და მეცნიერების პოპულარიზაციასა და განვითარებაში არა მარტო საქართველოს მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ ნომინაციის ორგანიზაციისთვის წარდგენა მოხდა სომხეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიების მხარდაჭერით.

ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში შევიდა საქართველოს კიდევ ერთი ნომინაცია „მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადების 150 წლისთავი“, რომელიც აღინიშნება 2019 წელს გაერთიანებული სამეფოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის და ოქსფორდის  უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.

1956 წლიდან იუნესკო აქტიურად მონაწილეობს წევრ ქვეყნებში ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეების აღნიშვნაში, რაც თავის მხრივ ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს.

ყოველ ორ წელიწადში ერთხელ,  წევრი ქვეყნები წარუდგენენ ორგანიზაციას განსახილველად იმ ღირსშესანიშნავ თარიღებს (მაქსიმუმ ორი ნომინაცია), რომელთა აღნიშვნაში UNESCO-მ შესაძლებელია მიიღოს მონაწილეობა მომდევნო ორწლედის განმავლობაში. წარდგენილი ნომინაციების საბოლოო დამტკიცება, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხდება იუნესკოს გენერალური კონფერენციის მიერ.