UNESCO-ს მსოფლიო  მეხსიერების საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრს დაემატა 78 ახალი ნომინაცია, რომელთა შორისაა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული „ოთხთავი-პალიმფსესტი“ (The Tetraevangelion-palimpsest).

ამიერიდან, ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან ერთად, საერთაშორისო დონეზე დაცულია საქართველოს მიერ წარდგენილი შემდეგი ნომინაციები: ეროვნული არქივის უძველესი ხელნაწერები (2015 წელი), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და „გეოგრაფიული ატლასი" (2013 წელი),  „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების კოლექცია (2013 წელი), ბიზანტიური პერიოდის ქართული ხელნაწერები (2011 წელი).

UNESCO-ს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტური რეესტრი წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტების, ხელნაწერების, ზეპირი ტრადიციების, აუდიოვიზუალური მასალის, ბიბლიოთეკებისა და არქივების ექსპონატების კოლექციას და მიზნად ისახავს ქვეყნის დოკუმენტური მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობისა და დაცვის უზრუნველყოფას.