2018 წლის 7-9 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.  2018 წლის 8 თებევრალს, გაიმართა ღონისძიებების საცერემონიო ნაწილი, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტმა, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრმა, ასევე უცხოელმა სტუმრებმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და მისი ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაბადების დღე იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემაც მიულოცა.

იუნესკოს გენერალური კონფერენციის 39-ე სესიამ დაამტკიცა იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სია, რომლებიც აღინიშნება 2018-2019 წლებში ორგანიზაციის მხარდაჭერით.  აღნიშნულ სიაში შესულია ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეც. იუნესკოს გადაწყვეტილება ადასტურებს მოვლენის საერთაშორისო მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის როლს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.