21 თებერვალს, UNESCO აღნიშნავს დედა ენის დღეს. 1999 წლიდან, ორგანიზაციის ჩართულობა ამ თარიღის აღნიშვნაში ხაზს უსვამს მსოფლიოში ენათა მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მშობლიურ ენაზე სწავლების მნიშვნელობას.

2018 წელს, UNESCO დედა ენის დღეს აღნიშნავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილესთან ერთად, რომლის თანახმად, ენა არ უნდა გახდეს ადამიანის მიმართ დისკრიმინაციის საფუძველი.

2018 წლის 21 თებერვალს, საქართველოშიც აღინიშნა დედა ენის დღე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მიღება და გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს არქივებში დაცული ისტორიული მასალა.