2018 წლის 25-26 სექტემბერს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ ტრენინგი იმართება. UNESCO-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის თანადგომით მიმდინარე ორდღიან სემინარში მონაწილეობენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და დიდი მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმის წარმომადგენლები.

კურსს UNESCO-ს ტრენერები, „ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტისა“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებიან. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გადაუდებელ ვითარებაში ძეგლების დაცვის უზრუნველსაყოფად პროფესიულ ცოდნასა და უნარებს გაიუმჯობესებენ და საგანგებო ვითარებაში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელებენ.

2016 წელს, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის ჰააგის კომიტეტმა მსოფლიო მემკვიდრეობის „მცხეთის ისტორიულ ძეგლებს“  „გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის“ სტატუსი მიანიჭა.