2019 წლის 30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ცნობილი ჯაზ-ბენდის „Irakli Louis Ambassadors’’-ისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტი. ჯაზ-ბენდ „Irakli Louis Ambassadors“-ის ლიდერი ქართველი ემიგრანტების შთამომავალი ირაკლი დავრიშევი-დავრიშაშვილია, ხოლო მუსიკოსის შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ჯაზის გენიალურ ლეგენდას, ლუი არმსტრონგს.

კონცერტი გაიმართა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით.

UNESCO-ს ეგიდით ჯაზის დღის აღნიშვნა მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც უკვე ტრადიციად იქცა. ჯაზის საერთაშორისო დღე UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით 2011 წლიდან აღინიშნება. UNESCO-ს გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანებას თარიღის აღსანიშნავად, ჯაზის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ხაზგასმას და იმის გაცნობიერებას, თუ როგორ გახდა ჯაზი ამა თუ იმ კულტურის ნაწილი.