2019 წლის 3 მაისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ბათუმის რიგით მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან „Batumi Black Sea Music and Art Festival“ დაკავშირებით. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფესტივალის დამფუძნებელი ელისო ბოლქვაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი.
2018 წლის მსგავსად, წელსაც, ფესტივალი UNESCO-ს პატრონაჟით ჩატარდება. ეს არის ერთადერთი კულტურული პროექტი საქართველოში რომელიც ამ მაღალი სტატუსით სარგებლობს, ვინაიდან ფესტივალი სრულიად პასუხობს ორგანიზაციის მიზნებს, ხელს უწყობს სახელოვნებო განათლებას, მუსიკის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ხაზს უსვამს მუსიკის როლს მშვიდობისა და ტოლერანტობის განმტკიცებაში.
ქართველი პიანისტის, UNESCO-ს ხელოვანის მშვიდობისთვის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, 2019 წლის 1-10 სექტემბერს, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ესტუმრებიან.
ფესტივალის მთავარი მიზანი ქართული კულტურის განვითარება და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაა, რომლებისთვისაც ფესტივალი ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად. სწორედ ამ მიზნით, წლევანდელი ფესტივალი უმასპინძლებს ცნობილ ფრანგ კომპოზიტორს და კლასიკური მუსიკის შემსწავლელი უნიკალური მეთოდის ავტორს მიშელ სონს, რომელიც პატარა შემსრულებლებისათვის და პედაგოგებისთვის გამართავს მასტერკლასებს. წელს ასევე გაიმართება „არტბანაკი“, რომელიც 300-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.