ევროპისა (და მის ფარგლებს გარეთ) UNESCO-ს ეროვნულმა კომისიებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი გმობენ რუსეთის ფედერაციის თავდასხმას უკრაინაზე.
ეროვნული კომისიები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე მასწავლებლებს, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, სტუდენტებს და მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ უფლება მიიღონ განათლება მშვიდობიან გარემოში. კომისიები მხარს უჭერენ პარტნიორებს, ვინც იცავს UNESCO-ს მიზნებსა და ღირებულებებს უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ.
ამ დროისთვის, განცხადებას საქართველოსთან ერთად, უერთდებიან შემდეგი ქვეყნები:
ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, დანია, კანადა, ხორვატია, ესტონეთი, ესპანეთი, ფარერის კუნძულები, ფინეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, კორეის რესპუბლიკა, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ჩრდ.მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და კვიპროსი.
აღსანიშნავია, რომ 24 თებერვალს, UNESCO-მ გაავრცელა მოწოდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემის თაობაზე. ორგანიზაციამ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ინფორმაციის თავისუფლების და მედიის წარმომადგენლების დაცვაზე, ასევე „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ შესახებ ჰააგის კონვენციის პატივისცემაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დროის ძალადობრივი ქმედებების ესკალაციის შედეგად, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბ-მა ანტონიო გუტიერეშმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს გამოიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
განცხადების სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.unesco.de/presse/pressemitteilungen/gemeinsame-verurteilung-angriff-ukraine-unesco-kommissionen-europas