საქართველო სხვა 64 ქვეყანასთან ერთად, UNESCO-ს აღმასრულებელი საბჭოს რეზოლუციის „The current situation in Ukraine in all aspects of UNESCO’s mandate“ თანასპონსორია.
რეზოლუცია მიღებულ იქნა მ.წ. 15 მარტს, აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სესიაზე, რომელიც მოწვეულ იქნა საბჭოს 19 წევრი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე, უკრაინაში განვითარებული მოვლენების UNESCO-ს მანდატში არსებულ სფეროებზე გავლენის შეფასების მიზნით.
რეზოლუციის თანახმად, საბჭო გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიას, რაც გაეროს ქარტიის მე-2 (4) მუხლის დარღვევაა და მოუწოდებს UNESCO-ს იმოქმედოს მანდატით განსაზღვრულ ფარგლებში. ასევე მოუწოდებს UNESCO-ს გენერალურ დირექტორს განახორციელოს უკრაინაში შექმნილი ვითარების აქტიური მონიტორინგი და ითხოვს მისგან დროულად შეიმუშაოს უკრაინის გადაუდებელი მხარდაჭერის პროგრამა ორგანიზაციის მანდატით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით აგრესიის შედეგების აღმოსაფხვრელად.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა აღმასრულებელი საბჭოს 33-მა წევრმა 58-დან, წინააღმდეგი იყო 1, ხოლო თავი შეიკავა 20-მა სახელმწიფომ. 4 არ ესწრებოდა ხმის მიცემის პროცედურას.
სესიაზე, სხვა დელეგაციებთან ერთად, სიტყვით გამოვიდა UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია არის საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, ასევე გაეროს ქარტიის აშკარა და უხეში დარღვევა. მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა 2008 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე, რომელმაც, უკიდურესად დიდი ზიანი მიაყენა, მათ შორის UNESCO-ს მანდატში არსებულ სფეროებსაც . თავის განცხადებაში ელჩმა ხაზი გაუსვა UNESCO-ს წამყვან როლს უკრაინის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და კომუნიკაციების სფეროებზე აგრესიის შედეგების აღმოფხვრის მიმართულებით.
საქართველო ასევე მიუერთდა აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სესიაზე ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებას „უკრაინაში რუსეთის უსაფუძვლო და გაუმართლებელი შეჭრის შესახებ“ (EU Statement on the Russian unprovoked and unjustified invasion in Ukraine), რომლითაც ევროკავშირმა მკაცრად დაგმო უკრაინაზე რუსეთის სამხედრო აგრესია, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაეროს ქარტიასა და UNESCO-ს კონსტიტუციის პირველ მუხლს, და საფრთხის ქვეშ აყენებს საერთაშორისო უსაფრთხოებას და სტაბილურობას.