2021 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, საქართველოს დედაქალაქს ერთი წლით, მიენიჭა გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) პროგრამის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სტატუსი.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თბილისში განხორციელდა წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციაზე, წიგნის ინდუსტრიის, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების, თანამედროვე ავტორების ხელშეწყობასა და განვითარებაზე მიმართული მრავალი ღონისძიება.
მნიშვნელოვანია, რომ დატვირთული და მრავალფეროვანი პროგრამის ფინალური ღონისძიება გახდა თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის დაფუძნება, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის 23 აპრილს.
შეხვედრას, ქ. თბილისის მერიის, UNESCO-ს, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ იმ ქალაქების მერები და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე იყვნენ წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან. ღონისძიებაზე ქალაქ გვადალახარას მერმა ოფიციალურად გადაიბარა 2022 წლის „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტატუსი.
ქსელი დაეხმარება სტატუსის მაძიებელ ქალაქებს წარსადგენი აპლიკაციების მომზადებაში, ასევე გაუწევს კონსულტაციებს კონკრეტული პროექტების განხორციელებისას. აღნიშნული ინიციატივა მიმართულია წიგნის დედაქალაქებს შორის გამოცდილების გაცვლაზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და პარტნიორობის ხელშეწყობაზე, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე. შედეგად, ჩამოყალიბდება მდგრადი დაფინანსების მოპოვების ძლიერი მექანიზმი და სტრუქტურულად ორიენტირებული ქსელი, რაც პროექტის მთავარ გზავნილს – წიგნისა და წიგნიერების განვითარების პროცესს, უფრო გაამყარებს.