2009 წლის 27 აპრილს, ქ.პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის ქალბატონი ლიანა ისაკაძისა და ე.მიქელაძის სახელობის ეროვნული კამერული ორკესტრის მონაწილეობით კონცერტი და საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს- დამოუკიდებლობის დღეს. ამასთანავე, იუნესკოში "საქართველოს დღის" ორგანიზება დაკავშირებული იყო საქართველოს მიერ 2008 წელს იუნესკოს "კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ" და "არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" საერთაშორისო კონვენციებთან მიერთების ფაქტთან. ღონისძიებას იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად ოფიციალურად მასპინძლობდა იუნესკოს გენერალური დირექტორი კოიშირო მაცუურა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბატონი ნიკოლოზ რურუას შეხვედრა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და იუნესკოს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს, ხაზი გაესვა იმ საერთაშორისო კონვენციების მნიშვნელობას, რომელთაც საქართველო ბოლო პერიოდში მიუერთდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემატიკაზე. კონცერტმა, რომელსაც 1000-მდე ადამიანი ესწრებოდა, განსაკუთრებული წარმატებით ჩაირა. კონცერტის შემდეგ იუნესკოს შტაბ-ბინაში გაიმართა საზეიმო მიღება.