2014 წლის 21 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა 2012-2013 წლების "მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "ქალები წარსულიდან-მაგალითი მომავლისთვის" პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდმა-MDF ჩაატარა კვლევა, თუ როგორ შუქდებოდა XIX-XX საუკუნეების ქართულ მედიაში ქალთა საკითხები.
კვლევის შედეგები აისახა ალმანახში "ქალები წარსულიდან", რომელშიც შევიდა 39 ქალის ისტორია და ის, თუ როგორ აშუქებდა ქართული მედია მათ აქტივობებს, ასევე თავად საზოგადო მოღვაწეთა პუბლიცისტური წერილების ფრაგმენტები. მათ შორის არიან: კატო მიქელაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ნატალია აზიანი, თეკლე ბატონიშვილი, მარიამ გარიყული, მარიამ დადიანი-ანჩაბაძე, ბარბარე ჯორჯაძე, მარიამ ივანიშვილი-დემურია, პელაგია ნაცვლიშვილი, ეკატერინე ნიკოლაძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსაგოვა-მახვილაძე, ბარბარე ყიფიანი, ნინუცა ყიფიანი, ჩიტო შარაშიძე და სხვები. გარდა ამისა, გამოცემაში შესულია იმ ევროპელ ქალთა ისტორიებიც, რომელთა მოღვაწეობაში საქართველოს გარკვეული ადგილი ეკავა: კარლა სერენა, მარჯორი უორდროპი, სოფი მენტერი, ეთელ ანაკინი ("მანჩესტერ გარდიანის" პუბლიკაცია ეთელ ანაკინის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით).
გამოცემას თან ერთვის აუდიო დისკი, რომელზეც საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 16 ქალის აუდიო ჩანაწერია თავმოყრილი: მსახიობები - ცაცა ამირეჯიბი, ვერიკო ანჯაფარიძე, ლია ელიავა, ნატო ვაჩნაძე, გოგუცა კუპრაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თამარ წულუკიძე, ცეცილია წუწუნავა, თამარ ჭავჭავაძე; პოეტები - მარიჯანი, ანა კალანდაძე, ბელა ახმადულინა; კომპოზიტორი - ვარინკა წერეთელი; მხატვარი - ელენე ახვლედიანი; ენათმეციერი - ქეთევან ლომთათიძე, მთამსვლელი - ალექსანდრა ჯაფარიძე.
გამოიცა ასევე გზამკვლევი ჟურნალისტებისთვი "გენდერმედიატორი", რომელიც დაეხმარება მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს გენდერთან დაკავშირებული საკითხები პროფესიული სტანდარტების დაცვით გააშუქონ. გზამკვლევში ადგილობრივ და ევროსაბჭოს რეგულაციებთან ერთად, შეტანილია მედიაში გენდერული საკითხების გაშუქების UNESCO-ს ინდიკატორებიც.
კვლევის შედეგები და სხვა გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსებულია ასევე პროექტის ფარგლებში შექმნილ ვებ გვერდზე: www.gendermediator.org.ge