1992 წლის 7 ოქტომბერს, საქართველო გახდა UNESCO-ს სრულუფლებიანი წევრი. ამავე წელს შეიქმნა იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და სამდივნო, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე ფუნქციონირებს. კომისიას ევალება UNESCO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია.
კომისიის შემადგენლობაში არიან იუნესკოს კომპეტენციის სფეროების მიხედვით საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა თუ ორგანოების, ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისიის პრეზიდენტი არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
სამდივნო ეროვნული კომისიისა და UNESCO -ს ძირითადი დამაკავშირებელი ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა სისტემატიური მონაწილეობა მიიღოს როგორც იუნესკოს, ასევე ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებულ სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში და კოორდინირება გაუწიოს იუნესკოს პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას.
1995 წელს, თბილისში UNESCO-ს გენერალური დირექტორის ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა საქართველოსა და UNESCO-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე, საქართველოში UNESCO-ს დაფინანსებით განხორციელდა არაერთი პროექტი, საქართველომ მონაწილეობა მიიღო და დღემდე მონაწილეობს ორგანიზაციის არჩევით ორგანოებში და ითვალისწინებს UNESCO-ს რეკომენდაციებს.