UNESCO-მ დაიწყო განაცხადების მიღება 2015 წლისთვის ახალგაზრდა პროფესიონალების პროგრამის (Young Professional Programme) ფარგლებში.
აღნიშნული პროგრამის მიზანია პროფესიონალი ახალგაზრდების ჩართვა UNESCO -ს საქმიანობაში ორგანიზაციის სათაო ოფისში ან მის რეგიონალურ ბიუროებში მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის ბიუროს წესების თანახმად, ქვეყანას აქვს უფლება წარადგინოს მაქსიმუმ 15 კანდიდატი 2015 წლის 10 ივლისამდე. 2015 წლის 31 დეკემბრისთვის კანდიდატები უნდა იყვნენ არაუმეტეს 32 წლის, სრულყოფილად ფლობდნენ ინგლისურ ან ფრანგულ ენებს და ჰქონდეთ მინიმუმ მაგისტრის დიპლომი (advanced degree) იუნესკოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ განსაზღვრული შემდეგი მიმართულებებით:
- განათლება - განათლების დაგეგმვა, შედარებითი განათლება, განათლების რეფორმა ადამიანური რესურსების მართვა, ბიზნეს ადმინისტრირება;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - გარემოსდაცვითი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები - სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები (სოციალური ტრანსფორმაცია, პოლიტიკის ფორმულირება, ახალგაზრდობა და კულტურათაშორისი დიალოგი);
- კულტურა - საერთაშორისო სამართალი;
- კომუნიკაცია და ინფორმაცია - კომუნიკაციის ან ინფორმაციის მეცნიერებები;
- საგარეო ურთიერთობები - საერთაშორისო ურთიერთობები; პოლიტიკური მეცნიერებები;
- იურიდიული - საერთაშორისო სამართალი; საკონტრაქტო კანონი; კომერციული ან ადმინისტრაციული კანონი;
- ფინანსების მართვა - ფინანსები; ბუღალტერია; აუდიტი.
ორივე უცხო ენის (ინგლისური და ფრანგული) ცოდნა (ასევე სხვა უცხო ენების ცოდნა) და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება განიხილება როგორც დამატებითი უპირატესობა.
მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გარდა, საბოლოო შერჩევა დიდწილად იქნება დამოკიდებული კანდიდატის ხედვაზე UNESCO-ში მის როლთან მიმართებაში (როგორ ხედავს ის საკუთარ თავს UNESCO-ს სისტემაში და რა წვლილის შეტანა შეუძლია მის ცოდნას, გამოცდილებას და მისწრაფებას ორგანიზაციის მანდატით გათვალისწინებულ საქმიანობაში).
UNESCO-ს სათაო ოფისს კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, ხოლო საბოლოო შერჩევას განახორციელებს იუნესკოს სათაო ოფისის შესაბამისი სამსახური კანდიდატებთან ორეტაპიანი ონლაინ გასაუბრების საფუძველზე.
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებთან UNESCO გააფორმებს ერთწლიან (ე.წ. გამოსაცდელი ვადით) კონტრაქტს P1/P2. ეს არის ე.წ. junior level კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს გაეროს მიერ შემუშავებული სტანდარტული ნორმების მიხედვით, სტაჟიორის შრომის ანაზღაურებას. 12-თვიანი სტაჟირების შემდეგ, პირს აქვს კონტრაქტის განახლების და პერსპექტივაში, ორგანიზაციის მუდმივი თანამშრომლის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. თუმცა, შემდგომი ურთიერთობა იუნესკოსთან დამოკიდებული იქნება იუნესკოს შესაბამისი სამსახურის მხრიდან სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა მ.წ. 15 ივნისამდე (14 ივნისის დღის ბოლომდე) უნდა წარმოადგინონ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- CV - ქართულ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი - ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (წერილი უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 500 სიტყვას და ასახავდეს აპლიკანტის ხედვას ორგანიზაციაში მის როლთან მიმართებაში - როგორ ხედავს ის საკუთარ თავს ორგანიზაციის სისტემაში და მის მიერ არჩეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში და რა წვლილის შეტანა შეუძლია მის ცოდნას, გამოცდილებას და მისწრაფებას ორგანიზაციის მანდატით გათვალისწინებულ საქმიანობაში).
სასურველია ასევე უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის, მხარდაჭერის წერილის თუ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დამადასტურებელი სხვა სახის რაიმე დამატებითი დოკუმენტის არსებობა.
დოკუმენტაციის მიწოდება უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: unesco@mfa.gov.ge
ტელ: 2945000 (1912)
არასრული და დაგვიანებული განაცხადი არ განიხილება.