საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები იუნესკოს 2016-2017 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.
“მონაწილეობის პროგრამა” არის UNESCO-ს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად (გთხ. ასევე იხილოთ UNESCO-ს ძირითადი დოკუმენტები 37 C/5 და 38 C/5 ).
პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს ეროვნული კომისია, ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ.პარიზი). ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მოტივირების გარეშე. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2016 წლის 13 მაისის ჩათვლით, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინონ:- პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
- შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხ. სააპლიკაციო ფორმა და ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ (“Benchmarks”);
- დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებელი ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.
- პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.
კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.
საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ეროვნული კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე: საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 0118 თბილისი, ჩიტაძის ქ. N4 ტელეფონი: 2945000 (1912) ელ-ფოსტა: unesco@mfa.gov.ge არასრული ან დაგვიანებული განაცხადი არ განიხილება.