12 თებერვალს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მარჯორი უორდროპის ფონდის მხარდაჭერით, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც იუნესკოს ეგიდით მარჯორი უორდროპის დაბადებიდან 150 წლისთავის გახსნას მიეძღვნა. იუბილე იუნესკოს სახელით 2019 წლის განმავლობაში აღინიშნება, რაც საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ღონისძიება საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გახსნა და ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების კონტექსტში მარჯორი უორდროპის მოღვაწეობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მარჯორი უორდროპის მემკვიდრეობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია ფონდის დირექტორმა და უორდროპების კოლექციის კურატორმა ჯილიან ევისონმა გააკეთა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მარჯორის არქივებისადმი ინტერესი სულ უფრო ძლიერდება, რაც შესაბამისი კვლევების გაფართოებაში გამოიხატება. ჯილიან ევისონმა დამსწრე საზოგადოებას მარჯორი უორდროპის წერილებიდან ამონარიდებიც გააცნო, სადაც გარდა საქართველოსადმი დიდი ინტერესის და სიყვარულისა, ასევე კარგად ჩანს მარჯორი უორდროპის სწრაფვა პროგრესული იდეებისა და ცვლილებებისკენ.

მარჯორი უორდროპის საიუბილეო წლის გახსნა ,,ვესტონ გალერეაში” ამჟამად მომდინარე გამოფენის ‘Sappho to Suffrage: Women Who Dared’ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ გამოფენაზე ბოდლის ბიბლიოთეკაში დაცული მასალებია წარმოდგენილი იმ ქალებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საზოგადოებრივი ცვლილებების მოხდენაში და თავიანთ თანამედროვე პროცესებზე პროგრესული გავლენა იქონიეს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა გამოფენა დათვალიერეს და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერები გაკეთეს.