პროგრამის „ევროკავშირი/UNESCO-ს ექსპერტების საკონსულტაციო მხარდაჭერა განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნების კულტურის მმართველობისთვის“ ფარგლებში საქართველოს მიერ წარდგენილი პროექტი „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ დაფინანსდა. პროექტის პრეზენტაცია 2019 წ. 5 ივლისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა ქეთევან კანდელაკმა.
გამარჯვებული პროექტის მიზანია საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე, დაგეგმილია ბაზრის ძირეული შესწავლა და იმ სარგებლის განსაზღვრა, რასაც ამ სფეროს განვითარების შედეგად ქვეყანა მიიღებს. 2 წლის განმავლობაში, პროექტში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები შეიმუშავებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი შემოქმედებითი სივრცის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ევროკავშირისა და UNESCO-ს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის“ კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით, UNESCO-სა და ევროკავშირის თანამშრომლობა არ არის სიახლე. 2011 წლიდან, UNESCO-ს მიერ შერჩეული გამოცდილი საერთაშორისო ექსპერტები, ევროკავშირის დაფინანსებით, საკონსულტაციო მხარდაჭერას უწევენ კონვენციის წევრ სახელმწიფოებს.
ევროკავშირის დაფინანსებით, UNESCO/ევროკავშირის ერთობლივი პროგრამა 2022 წლამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში, UNESCO-ს მიერ შერჩეული 42 საერთაშორისო ექსპერტი აღმოუჩენს საკონსულტაციო მხარდაჭერას „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის“ კონვენციის 12 წევრ სახელმწიფოს (პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 720 000 ევროს).
თავად კონვენცია საკმაოდ კომპლექსურია და მისი იმპლემენტაციის მიმართულებით, არც ისე მარტივია პროექტების დაფინანსების მოპოვება. შესაბამისად, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ წარდგენილმა პროექტმა დააკმაყოფილა პროგრამის მიერ დადგენილი კრიტერიუმები და სამომავლოდ, შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვის გახდეს სამაგალითო.