მ.წ. 22 აპრილს, UNESCO-ს ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 132 ქვეყნის წარმომადგენლებმა.
მინისტერიალის მთავარ მიზანს კულტურის სექტორზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შესახებ მსჯელობა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
ღონისძიება UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ გახსნა და კორონავირუსის პანდემიის მართვისას მიღებული ზომების შესახებ ისაუბრა, რამაც კულტურის ეკოსისტემის შესუსტება გამოიწვია. შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს კულტურის სექტორის მნიშვნელობას მათი ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და შეთანხმდნენ, რომ სფერო საჭიროებს გადაუდებელ ინვესტიციებს კრიზისის დასრულებისთანავე.
საქართველოს მხრიდან, მინისტერიალში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მონაწილეობდა. მან მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც სახლში დარჩენილთათვის კულტურული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადაიდგა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციები საზოგადოებას ონლაინ სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს მიმართა კულტურის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილემ ერნესტო ოტონემ, რომელმაც სიხარულით აღნიშნა ქვეყნების დიდი ძალისხმევა და დაუდასტურა მზაობა UNESCO-ს მხრიდან მათი მხარდაჭერის თაობაზე.