UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმს შემოქმედებითი ქალაქების სტატუსი მიენიჭა და მოხდა მათი გაერთიანება „შემოქმედი ქალაქების ქსელში“ (Creative Cities Network (UCCN)).
პროგრამა შეიქმნა 2004 წელს და მისი ძირითადი მიზანია იმ ქალაქებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, რომელთათვისაც შემოქმედება არის ურბანული მდგრადი განვითარების სტრატეგიული ფაქტორი. ამით, პროგრამა ეხმიანება გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგს: ქალაქი უნდა იყოს ინკლუზიური, უსაფრთხო და მედეგი გამოწვევების მიმართ.
შემოქმედებითი ქალაქები ძირითადად ფოკუსირებულია შემდეგ სფეროებზე: ხალხური შემოქმედება, დიზაინი, კინოინდუსტრია, გასტრონომია, ლიტერატურა, მედიახელოვნება და მუსიკა. აღსანიშნავია, რომ თბილისის ნომინაციაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მედიახელოვნებასა და მის მნიშვნელობაზე ქალაქის მდგრადი განვითარების კონტექსტში. რაც შეეხება ბათუმს, ქალაქის პროგრამის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მუსიკა და მისი როლი ქალაქის ცხოვრებაში.
ქსელში ჩართვით, ქალაქი იღებს ვალდებულებას გააზიაროს საკუთარი გამოცდილება, განავითაროს თანამშრომლობა შემოქმედებითობისა და კულტურული ინდუსტრიების მიმართულებით, უზრუნველყოს ქალაქის მოსახლეობის ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში და მოახდინოს კულტურის ინტეგრირება ურბანული განვითარების გეგმაში, ხელი შეუწყოს შემოქმედებითობისა და ინოვაციების ჰაბების განვითარებას და გააფართოვოს შესაძლებლობები კულტურის სექტორში დასაქმებული პირებისთვის.