ა.წ. 23-28 ოქტომბერს, ქ. პარიზში, იუნესკოს სათაო ოფისში ჩატარდა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის წევრი ქვეყნების მე 17-ე გენერალური ასამბლეა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით. საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ ქართულ ძეგლებთან მიმართებაში. ასამბლეის ფარგლებში, ჩატარდა არჩევნები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში. ასამბლეამ 4 წლის ვადით აირჩია  12 ახალი წევრი: კამბოჯა, ესტონეთი, ეთიოპია, საფრანგეთი, ერაყი, მალი, მექსიკა, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, შვეიცარია, ტაილანდი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესრულებაზე, იკრიბება წელიწადში ერთხელ. კომიტეტი განიხილავს წევრი ქვეყნების მიერ წარდგენილ და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესატან ახალ ნომინაციებს და სიაში შესული ძეგლების კონსერვაციის საკითხებს. კომიტეტის მორიგი სესია ჩატარდება 2010 წლის 25 ივლისიდან 3 აგვისტომდე. გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: თანამშრომლობა კონვენციას, კონსერვაციასა და მდგრად განვითარებას შორის, კონვენციის პოპულარიზაცია, წევრი ქვეყნების დახმარება მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის უნარჩვევების გაზრდის მიზნით, იმ თანამშრომლობის ხელშეწყობა, რომელიც უნდა არსებობდეს 1972 წლის კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებულ პროგრამებს, ღონისძიებებსა და იუნესკოს სხვა შესაბამის ინსტრუმენტებსა და ქმედებებს შორის.