2010 წლის 16 აპრილს, იუნესკოს სათაო ოფისში გაიმართა „სპორტში დოპინგის აღმოფხვრის ხელშემწყობი" ფონდის შემფასებელი კომიტეტის სხდომა, სადაც განხილულ იქნა კონვენციის წევრი ქვეყნების მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადები. აღნიშნულ სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რათა ფონდის სახსრებიდან 19 850 აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსდეს საქართველოს მიერ წარმოდგენილი პროექტი „ანტი-დოპინგური საგანმანათლებლო, პრევენციული და საინფორმაციო პროგრამა საქართველოში". პროექტი გულისხმობს დოპინგის შესახებ საინფორმაციო მასალის მომზადებას და გავრცელებას, აგრეთვე საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის დოპინგის შესახებ სემინარების ჩატარებას. პროექტს განახორციელებს საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტო. „სპორტში დოპინგის აღმოფხვრის ხელშემწყობი" ფონდი შექმნილია „სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ" საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში მისი ეფექტურად იმპლემენტაციის მიზნით. ფონდი მხარს უჭერს წევრ სახელმწიფოებს დოპინგის მავნებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და მის აღმოფხვრაში. საერთაშორისო კონვენცია „სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ" საქართველოში ძალაში შევიდა 2010 წლის 1 თებერვლიდან.