25 ივლისს, ქ. ბრაზილიაში (ბრაზილია) მუშაობა დაიწყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიამ. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი 3 აგვისტოს ჩათვლით იმუშავებს და განიხილავს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესატანად წარდგენილ 39 ახალ ნომინაციას და მსოფლიო მემკვიდრეობის 147 ძეგლის, მათ შორის საქართველოს ორი ძეგლის („მცხეთის ისტორიული ძეგლებისა" და „ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის სამონასტრო კომპლექსის") საკონსერვაციო მდგომარეობას.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიას დამკვირვებლის სტატუსით ესწრება საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც წარმოდგენილნი არიან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში ბ-ნი მამუკა კუდავა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ბ-ნი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.