2010 წლის 2-5 ნოემბერს, ქ.კიევში (უკრაინა) გაიმართა პირველი საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით „რელიგიური კონფესიების როლი მსოფლიო მემკვიდრეობის მართვაში", რომლის იდეა მდგომარეობდა მრგვალი მაგიდის გარშემო შეეკრიბა ყველა ის დაინტერესებული მხარე, რომელიც პასუხისმგებელია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაზე. ღონისძიება ჩატარდა იუნესკოს ეგიდითა და უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პატრონაჟით. სემინარს ესწრებოდნენ სახელმწიფოებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები 18 ქვეყნიდან, ასევე იკრომის (ICCROM), იკომოსის  (ICOMOS) და გარემოს დაცვის ერთიანი კავშირის (IUCN) საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პეტრე კანკავა და ამბა ალავერდის მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ბატონი პეტრე კანკავა სემინარის მონაწილეების წინაშე წარსდგა სიტყვით „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძირითადი პრინციპები". აღნიშნულმა მოხსენებამ დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა სემინარის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან. სამინარის ფარგლებში შემუშავდა დოკუმენტი „მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში, რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნების კიევის სემინარის დადგენილება", რომელშიც მკაფიოდ განისაზღვრა რელიგიური კონფესიების ჩართულობის აუცილებლობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მართვის საკითხებში. აღნიშნული დოკუმენტი საფუძვლად დაედება საკითხის უფრო ვრცელ განხილვას 2011 წელს, ბაჰრეინში დაგეგმილ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სხდომაზე.