2011 წლის 7-9 ნოემბერს, ქ. პარიზში,  UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა  მსოფლიო მემკვიდრების კონვენციის წევრი ქვეყნების გენერალური ასამბლეის 18-ე სესია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს  დირექტორის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით. გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართა სამუშაო შეხვედრა კულტურის საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან ფრანჩესკო ბანდარინთან, მსოფლიო მემკვიდრეობოს ცენტრისა და ICOMOS-ის წარმომადგენლებთან. გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა არჩევნები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში. ასამბლეამ 4 წლის ვადით აირჩია 9 ახალი წევრი: ალჟირი, კოლუმბია, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, მალაიზია, ყატარი, სენეგალი და სერბეთი. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესრულებაზე, იკრიბება წელიწადში ერთხელ. კომიტეტი განიხილავს წევრი ქვეყნების მიერ წარდგენილია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესატან ახალ ნომინაციებს, და სიაში შესული ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის საკითხებს. კომიტეტის მორიგი, 36-ე სესია გაიმართება 2012 წლის 24 ივნისიდან 6 ივლისამდე.