2012 წლის 23 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩატარდა პროექტის, „მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვის გაუმჯობესება" საკოორდინაციო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის „საერთაშორისო დახმარების" ფარგლებში. პროექტი გულისხმობს მცხეთის ისტორიული ძეგლების მართვის სრულყოფას და მას განახორციელებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების,  სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაცია ICOMOS -ის წარმომადგენლები და ასევე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო. კომისიის გენერალურმა მდივანმა,  ქეთევან კანდელაკმა საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს გააცნო მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციები.