2012 წლის 25 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა პროექტის, „მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვის გაუმჯობესება" საკოორდინაციო ჯგუფის მეორე სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის „საერთაშორისო დახმარების" ფარგლებში. პროექტი გულისხმობს მცხეთის ისტორიული ძეგლების მართვის სრულყოფას და მას განახორციელებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაცია ICOMOS -ის წარმომადგენლები და ასევე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო. შეხვედრა გახსნა კომისიის გენერალურმა მდივანმა, ქ-მა ქეთევან კანდელაკმა, ხოლო ქ-მა რუსუდან მირზიკაშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს გააცნო მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ძირითადი გამოწვევები, მათი მართვის გეგმის ამოცანები და ტექნიკური დავალებები.