2012 წლის 14-16 ნოემბერს, ქ. თბილისში ჩატარდა ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესრულების მეორე ციკლის ანგარიშების მომზადებაზე პასუხისმგებელ პირთა მორიგი სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესრულების ანგარიშების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირები შემდეგი ქვეყნებიდან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, საქართველო, უნგრეთი, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა. ამასთანავე, შეხვედრას დაესწრნენ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების ხელმძღვანელი და ცენტრის სხვა წარმომადგენლები, IUCN-ის (International Unit for Conservation of Nature)-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების დირექტორი, ICOMOS-ისა (International Council on Monuments and Sites) და ICCROM-ის  (International Center for the Study of Preservation and Restoration of Cultural Property) ექსპერტები. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია.