2013 წლის ივნისში, იუნესკოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და გეოგრაფიული ატლასი და შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსანი" - ხელნაწერთა კოლექცია შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში.
UNESCO-ს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტური რეესტრი (Memory of the World Register), წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტების, ხელნაწერების, ზეპირი ტრადიციების, აუდიოვიზუალური მასალის, ბიბლიოთეკებისა და არქივების ექსპონატების კოლექციას და მიზნად ისახავს ქვეყნის დოკუმენტური მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობისა და დაცვის უზრუნველყოფას. დღეისათვის, რეესტრში 299 დოკუმენტია შესული.
ქართული ხელნაწერების მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში შეტანასთან დაკავშირებით, მ.წ. 5 ივლისს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 94 ერთეული ხელნაწერის UNESCO-სმსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში - ,,მსოფლიო მეხსიერება'' შეტანის შესახებ.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ზურაბიშვილი, ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი დუგ მაკმილანი და საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი.